ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს.
ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ, მაულენ აშიმბაევმა განაცხადა, რომ შესაბამისი ტიტული სენატის რეგლამენტიდან ამოღებულია.
„არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კანონი „პირველი პრეზიდენტის შესახებ“ დავიწყებას მიეცა. კითხვა ეხებოდა საპატიო სენატორის წოდებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამოღებულია კონსტიტუციიდან და კანონის მოქმედება მალე შეჩერდება, ჩვენ რეგლამენტიდან ამოვიღეთ „საპატიო სენატორის“ წოდება“, - ციტირებს „რადიო თავისუფლება“ აშიმბაევის სიტყვებს.
დეპუტატებმა პარლამენტის მუშაობის ახალი რეგლამენტი 2022 წლის 19 დეკემბერს პალატების ერთობლივ სხდომაზე მიიღეს, თუმცა საპატიო სენატორის სტატუსის გაუქმება მაშინ არ დაფიქსირებულა.
2023 წლის 10 იანვარს ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „პირველი პრეზიდენტის შესახებ“ კანონის ბათილად ცნობის შესახებ, რომლის თანახმადაც ნურსულთან ნაზარბაევი ერის (ელბას) ლიდერად გამოაცხადა და მას უვადოდ პრივილეგიები და გარანტიები მისცა.
2022 წლის იანვარში ყაზახეთში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ნურსულთან ნაზარბაევის ხელისუფლებისგან გადაყენება, რაც პირველი პრეზიდენტის შესახებ კანონით იყო გათვალისწინებული.
მოგვიანებით ყაზახეთის ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რის შედეგადაც ნაზარბაევი და მისი ოჯახის წევრებს რიგი პრივილეგიები ჩამოერთვათ.