„სომხეთსა და საქართველოს შორის მარტივად საზღვრის გადაკვეთა, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში განაცხადა.
- ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ
- საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ ერთი მხრივ, შეფასდეს ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გასული წლის განმავლობაში არსებობდა ორ ქვეყანას შორის და მეორე მხრივ, დაიგეგმოს, იდენტიფიცირება მოხდეს იმ მნიშვნელოვანი საკითხების, რომელიც არის დღის წესრიგში.
კომისიის მუშაობის შედეგად უკვე მომავალ წელს იმ იდენტიფიცირებული საკითხების გარშემო მოხდეს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს.
ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, უკვე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ეკონომიკური კომისიები ორ ქვეყანას შორის. ამ კომისიებს უკვე ტრადიციული სახე მიეცა, რაც ძალიან ეხმარება შესაბამის სამინსიტროებს, რომ მათი მუშაობა იყოს კიდევ უფრო შედეგიანი, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი ორი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.