უკრაინის რადამ, კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკსა და კიდევ სამ დეპუტატს, უფლებამოსილება ნაადრევად შეუწყვიტა

უკრაინის უმაღლესმა რადამ კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკსა და რადას სამ სახალხო დეპუტატს ანდრეი დერკაჩს, ტარას კოზაკსა და რენატ კუზმინს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.

ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა Telegram-ზე განაცხადა. 

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმა ყოფილი ოპოზიციური პლატფორმა „სიცოცხლისთვის“ პარტიის დეპუტატებს ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს და რენატ კუზმინს, ასევე არაფრაქციულ დეპუტატს ანდრეი დერკაჩს.


შეგახსენებთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ.

66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“.

12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.