თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს: დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძალადე ჯგუფების წევრები ძალადობის ჯგუფურად ორგანიზების მუხლში გაამართლა.
პირველი ინსტაციით მათ სასჯელის სახედ 5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. დაკავებულებიდან ბრალს არცერთი აღიარებს.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს.