პაველ ჰერჩინსკი: ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრებზე რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის საელჩო პროცესში საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

„დღეს ძალიან დატვირთული დღე მქონდა საქართველოს პარლამენტში. ვეწვიე საპარლამენტო კომიტეტების რამდენიმე თავმჯდომარეს, თუმცა შევხვდები ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს. შეხვედრა დავიწყეთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, საგარეო საქმეთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ე.წ. 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე. განვიხილეთ საქართველოს დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და პრინციპებთან, რადგან ამ წლის მიწურულს ჯერ ევროკომისია, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ საქართველოს მიღწეულ პროგრესს და გადავწყვეტთ შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს მისწრაფებასთან დაკავშირებით, გახდეს ევროკავშირის წევრი.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესში თქვენს დასახმარებლად. ვიმედოვნებთ პოზიტიურ შედეგს ამ წლის ბოლოს. პოზიტიური შედეგი ნიშნავს, მომდევნო ნაბიჯს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისკენ, კერძოდ, კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არა მხოლოდ თითებგადაჯვარედინებული ვიცდით, ასევე მზად ვართ, დავეხმაროთ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე პარლამენტს მიმდინარე სამუშაოებში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.