ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომელსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი განცხადების ირგვლივ გამოწვეული სკანდალის გამო არესტოვიჩმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დაგმობის ასეთი ტალღა შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოებაში არსებული ძლიერი დაძაბულობით, ან ორგანიზებული იყოს ბოტების ქსელის მიერ. მისივე განცხადებით, ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელსაც ოპოზიცია რუსებთან ერთად ახორციელებს.

შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.