ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. შესაბამის კომენტარს სომხური მედია ავრცელებს. 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, ძირითადად, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენას“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იმსახურებს პატივისცემას, რადგან დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად სხვა დანარჩენი ქვეყნები განიცდიან დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ. ის რომ, არც თუ ისე დიდ ქვეყანასა და მის მთავრობას აქვს სიმამაცე, რომ [თავისი] ინტერესებითა და ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებით იხელმძღვანელონ, იწვევს პატივისცემას“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე. 

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს, კრემლის კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ ციტირებს. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.