ევროპის ებრაელთა კონგრესი ლავროვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ევროპის ებრაელთა კონგრესი (EJC) გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც რუსები ებრაელებს შეადარა, ხოლო დასავლეთი ჰიტლერს. კონგრესის პრეზიდენტმა არიელ მუზიკანტმა ლავროვის განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

  • „ეს არის ჰოლოკოსტის დამახინჯება მის ყველაზე საბაზისო დონეზე და ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ ლავროვს, ბოდიში მოიხადოს“.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი რუსებს ადარებს ჰოლოკოსტის დროს ნაცისტების მიერ მოკლულ ებრაელებს, ხოლო დასავლეთს ადოლფ ჰიტლერს. რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი TASS-ის ცნობით, ლავროვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპული ქვეყნების კოალიცია შექმნა „რუსეთის საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის“, როგორც ნაცისტების ლიდერს ჰიტლერს „სურდა „ებრაული საკითხის გადაჭრა“.

ლავროვმა უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ასევე შეადარა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტს „რომელმაც პრაქტიკულად, მთელი ევროპის მობილიზება მოახდინა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ“.

უფრო ადრე, იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.