ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მაჯილისი დაითხოვა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები 2023 წლის 19 მარტს დანიშნა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.
„გამოვთქვამ იმედს, რომ დეპუტატების განახლებული შემადგენლობა გააგრძელებს მუშაობას იმავე ფორმატში და ახალ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ყოვლისმომცველ მოდერნიზაციას. მაჯლისის დეპუტატთა რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის 19 მარტს გაიმართება.
ყველა დონის დეპუტატების არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დანიშნავს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „მაჯლისისა და მასლიხატების ვადამდელი არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკითაა ნაკარნახევი, რომელსაც მოქალაქეები ეროვნულ რეფერენდუმზე მხარს უჭერენ“.
თოყაევის განცხადება ორი თვის წინ გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. პრეზიდენტის თანამდებობა მან 20 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორე ვადით დაიკავა.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თოყაევის ძალაუფლება განმტკიცდა.
კენჭისყრას წინ უსწრებდა უპრეცედენტო ანტისამთავრობო, ძალადობრივი გამოსვლები 2022 წლის იანვარში, როცა სისხლიც დაიღვარა. საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა წარსულში ყაზახეთის ერთპიროვნული მმართველის, თოყაევის წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის პოზიციების შესუსტება.
11 იანვარს ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა. ასევე ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს.
- ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა
- ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს
- ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს