პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ გეგმავს საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას.
„ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49 % კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით და რატომ ვაკეთებთ ამას, მოგახსენებთ, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაძლებლობის გაზრდის მიზნით.
„პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი გააჩნია, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 20 000 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით,“- განაცხადა პრემიერმა.