კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს“. ამ სიტყვებით ის რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა.

„საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირის აღდგენის მომხრეა. მან ეს განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების საპასუხოდ, რომ საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

„ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს. ჩვენ, ასევე, მიგვაჩნია, რომ ასეთი პრორუსული რიტორიკა არ შეესაბამება უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული თანამშრომლობის სულისკვეთებას. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირში გაწევრების შესახებ“. 

ნიკოლენკოს თქმით, უკრაინა ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, განსაკუთრებით მისი ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებში.

მისივე განცხადებით, უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერა საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან, არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებშიც შედის.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.