ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს ეწვევა - მედია

ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევს მისი უკრაინელი კოლეგის დიმიტრო კულებას მიწვევით ეწვევა, იტყობინება The Times of Israel-ი წყაროებზე დაყრდნობით.

ინფორმაცია კულებასა და კოენს შორის 19 იანვარს სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.

კოენი გახდება ისრაელის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეწვია.

„ჩვენს პირველ სატელეფონო საუბარში, მე და ელი კოენმა განვიხილეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, უსაფრთხოების საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გზები. მინისტრმა კოენმა დაგმო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა ისრაელის გეგმები ჰუმანიტარული დახმარებისა და დახმარების სხვა სფეროებში გაძლიერების შესახებ“. კოენი ასევე დაგვპირდა ორ თვეში კიევში ისრაელის საელჩოს გახსნას“, - განაცხადა კულებამ. 

თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინა წარუმატებლად ცდილობდა, დაერწმუნებინა ისრაელი, ნეიტრალიტეტზე ეთქვა უარი.