საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მანამდე არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.
- რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულად უნდა აღდგეს
„ეს არის ის ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც არა თუ ამ ხელისუფლებას აქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც და ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, ასეთი პოზიცია უნდა ჰქონდეს და ასეთი პოზიცია ექნება.
პასუხი არის ის, რომ ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ მოახდენს აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციას“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ნიკოლოზ სამხარაძემ.
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა კრემლის კონტროლირებად მედიას განუცხადა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობებიც უნდა აღდგეს.
მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და შესაძლებლობებს საქართველოში რუსების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი კონტაქტების გაფართოებასა და შესაძლებლობებს, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში“, - განაცხადა გავრილოვმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. მისი თქმით, საქართველოსთან კონტაქტები აქტიურად ვითარდება და 2022 წელს ქვეყნის მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გამო.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანა გააუქმებს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, როგორც კი „აუცილებელი წინაპირობები“ იქნება.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.