საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს.
„ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, თითქოსდა სახელმწიფო, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით და ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით, უსახლკარო და დევნილის სტატუსის, შშმ და სპეციალური საჭიროების მქონე, ასევე, სოციალურად დაუცველი პირების და ემიგრანტების მოძიებას ახდენდა, რათა მათთვის ბინები თბილისში და ბათუმში მდებარე შპს „ორბი ჯგუფის“ საცხოვრებელ კომპლექსში, ასევე, დაბა ბაკურიანში და კურორტ საირმეში სიმბოლურ ფასად გადაეცა.
ასევე, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან მოცემულ პროექტს ხელმძღვანელობდა და მისი წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი ბრალდებული, ხოლო დანაშაულში მონაწილე ორი პირი როგორც ე.წ. კოორდინატორები, შესაბამისი პირების მოძიებას და მათ პროექტში ჩართვას ახდენდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეებს აჩვენებდნენ წინასწარ ნაქირავებ ბინებს, როგორც მათთვის სახელმწიფოს მიერ გადასაცემ ქონებას და არწმუნებდნენ, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მათ სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოგვიანებით მოხდებოდა.
აღნიშნული სქემით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 41 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 1 054 150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.
საქართველოს პროკურატურა მიმართავს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.