საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა, მეტი კომფორტის შექმნაა საქართველოს მოსახლეობისთვის.
- რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულად უნდა აღდგეს
- ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები
„ვისთვისაც ყველაზე მეტად საყურადღებოა რუსეთის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მათ შეუძლიათ, საკუთარი დასკვნები დაამყარონ ასეთ მოსაზრებებზე. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ ხედავს საკითხს.
მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის რა იქნება ღირებული და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს და მგონია, რომ არავის აქვს საფუძველი რაიმე სპეკულაციებისთვის, ასეთი ინტერპრეტაციების კეთებისთვის. მათ შორის იმაზე საუბრისთვის, თითქოს რუსული მხარისა და ქართული მხარის რიტორიკა ერთმანეთს შეიძლება, ემთხვეოდეს. საქართველოს მკაფიოდ აქვს გამოხატული ინტერესები, რისი დაცვისკენ არის მოწოდებული მთელი ხელისუფლების და ქართული საზოგადოების აქტივობები.
შესაბამისად, ყველას მოუწევს მხედველობაში იმის მიღება, რომ საქართველოში დღეს არის ხელისუფლება, რომლისთვისაც ნომერ პირველი ღირებულება გახლავთ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, დეოკუპაციას, ყოველმხრივ კომფორტის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის", - განაცხადა სარჯველაძემ.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანა გააუქმებს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, როგორც კი „აუცილებელი წინაპირობები“ იქნება.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.