კორუფციის აღქმის ინდექსში 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილზეა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2020 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან ერთად.

ამავე იდექხსში, საქართველო 2018 წელს 58 ქულით 41-ზე ადგილზე იყო, 2019 წელს 56 ქულა ჰქონდა და 44-ე ადგილზე გადაინაცვლა, 2020 წელს კი 56 ქულით, 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზე იმყოფება.

რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ყველაზე მაღალი ქულებია ქვთ სკანდინავიის ქვეყნებს, ნიდერლანდებს, გერმანიას, დანიას, სინგაპურს, ახალ ზელანდია.

ამავე რეიტინგის მიხედვით, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (ბალტიისპირეთის გარდა) კორუფციის დაბალი მაჩვენებლით ლიდერობს. საქართველოზე ქვემოთ პოზიციებს იკავებს ევროკავშირის 9 ქვეყანა. ასევე მეზობელ სომხეთი 49 ქულით მე-60 ადგილზეა, აზერბაიჯანი და რუსეთი 30 ქულით 129-ე ადგილს იკავებენ, თურქეთი 40 ქულით - 86 ადგილს, ხოლო უკრაინა 33 ქულით - 117-ე ადგილს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის გარემოება, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს საშუალო შედეგი აქვს, რომელიც წლებია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მიუთითებს იმაზე, რომ მართალია ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის (კერძოდ წვრილმანი კორუფციის შემცირების) მხრივ, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები, რომლებიც 2019 და 2018 წლების ინდექსებშიც იყო ხაზგასმული.

„საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი სისტემური ნაბიჯები ამ ტიპის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. ამ მხრივ, დღეისათვის საქართველოს მთავარი გამოწვევებია: არაფორმალური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია; ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში; ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების არაეფექტური გამოძიება; პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დომინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს; მთავრობის და პროსამთავრობო მედიის თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე“, -აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას და აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს (ბალტიიისპირეთის გარდა)

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ეს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

„მათ შორისაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და სხვა“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ასეთი შედეგი შესაბამისი ორგანოების მუშაობის დამსახურებაა, თუმცა წინ ბევრი ლოკალური გამოწვეაა.

„კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კარგი მაჩვენებელი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით მიდის კარგი მუშაობა. ​​ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ. ჩვენ არ ვართ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. ეს კარგი მუშაობის შედეგია, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის კარგი მენეჯმენტის, მაგრამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ლოკალური გამოწვევა წინ გვაქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი აქვეყნებს. კორუფციის აღქმის ინდექსი მსოფლიოს ექსპერტთა და ბიზნესის სფეროში ჩართულ პირთა მოსაზრებებზე დაყრდნობით აფასებს, როგორია საჯარო სამსახურში კორუფციის დონის აღქმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განმარტებით, იგივე პრობლემები, რის გამოც საქართველოს ისევ 56 ქულა აქვს და პოზიცია ვერ გაიუმჯობესა „საქართველოს ეროვნული ანტირკორუფციული სისტემის შეფასებაშიც გამოვლინდა, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა.

„კვლევის შედეგების საფუძველზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ,“ დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე შემდეგი რეკომენდაციებით: ბოლო წლებში „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს შედეგები ხელისუფლების მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნების არასებობაზე მიუთითებს.

მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება შეუძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რეფორმების გარეშე, რომელთა შორის აღსანიშნავია: პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელება და ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემის აღმოფხვრა, მათ შორის საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის ქმედითი მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის გზით.

საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა. თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემის დახვეწა და პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების გამოვლენა. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ქმედითი რეაგირება კორუფციის, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე. ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა. კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც 1995 წლიდან ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2020 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.