თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან, მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს.
„ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი.
ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის“, - განუცხადა პეტერ ფიშერმა Europetime-ს.
მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
„მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც მიუღებელია; საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მიხედვით, დანაშაულია. ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, საერთაშორისო საკითხების გადაჭრას მოლაპარაკების, შეთანხმების გზით და არა თავდასხმითა და ძალის გამოყენებით, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ ჩვენთვის მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.