დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად ყველა საჭირო იარაღი, რაც შეიძლება მალე უნდა მიეწოდოს. ამის შესახებ მან კიევში, ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეკრებას ასევე ესწრებოდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ჯონსონის თქმით, უკრაინას ტანკები უნდა მიეწოდოს.
„მე ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც „ჩელენჯერის“ ტიპის ტანკები მოგაწოდათ და ჩვენ ველით ტანკებს სხვა ქვეყნებიდან. ჩვენ გვინდა, მივიღოთ თვითმფრინავები უკრაინის ხალხისთვის და გვჭირდება უკეთესი აღჭურვილობა, იარაღი, რაც საშუალებას მოგცემთ, დაიცვათ თქვენი ქვეყანა“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა.
ბირის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის არმიაში თანამედროვე იარაღის არსებობა არ გამოიწვევს ესკალაციას, რადგან რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ყველა საშუალებას უკვე იყენებს.
„ბუჩაში ვიყავი. როგორ შეიძლება დაპირისპირების ესკალაცია იქ, სადაც ერთი მხარე უკვე იყენებს ყველაზე მოწინავე თანამედროვე თვითმფრინავებს საცხოვრებელი უბნების დასაბომბად?! უკრაინა ყველა შესაძლო დახმარებას იმსახურებს ", - აღნიშნა ჯონსონმა.
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 22 იანვარს, კიევის რეგიონში, ბუჩასა და ბოროდიანკას ეწვია. ამასთან, ჯონსონი ზელენსკის კიევში შეხვდა.