თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარება და განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.
შეგახსენებთ, 2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო.
ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.