ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთში, ევროკავშირის ახალი საოქალაქო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, „ახალი მისიის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას, ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ისეთი ატმოსფეროს შექმნას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ნორმალიზდეს“.
ამავდროულად, ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ „ორივე ქვეყანასთან სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად იმუშაოს“.
მისიის ხანგრძლივობა თავდაპირველად ორი წელითაა განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ აზერბაიჯანთან, საერთაშორისო საზღვრის სომხეთის მხრიდან ევროკავშირის 40-მდე ექსპერტი-დამკვირვებლის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. 2022 წლის 19 დეკემბერს სომხეთში, ევროკავშირის მისიის ამ მანდატით საქმიანობა დასრულდა.