ევროკავშირი სომხეთში, ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ერთ თვეში, ამჯერად არა ორი თვით, არამედ სულ მცირე ორი წლით აპირებს.
„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ცნობით, მისია საქმიანობას სომხეთში 20 თებერვალს დაიწყებს.
მედიის ცნობით, დღეს ეს საკითხი ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილება კი, სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება მიღებული.
გასულ კვირას ეს პროექტი ევროპის საბჭოს პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო, გუშინ კი მონიტორინგის მისიებში ჩართულმა მთავარმა სტრუქტურამ - სამოქალაქო საქმეთა კრიზისების მართვის კომიტეტმა დაამტკიცა.
„გასული წლის ოქტომბერში გაგზავნილი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განლაგებული 40-კაციანი ჯგუფისგან განსხვავებით, ამჯერად ევროპელი დამკვირვებლები სომხეთის მთელ ტერიტორიაზე პატრულირებენ.
როგორც წინა ჯერზე, ამჯერადაც ისინი უიარაღოდ იქნებიან. ახალ მისიაში ორასამდე ევროპელი სპეციალისტი იქნება. მათი პრიორიტეტია ხელი შეუწყონ სომხეთის სასაზღვრო რაიონებსა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ინციდენტების შემცირებას, რითაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელსაყრელი პირობებუ უნდა შეიქმნას“, წერს მედია.
ამასთან, ბრიუსელი იმედოვნებს, რომ ერევანი აიღებს პასუხისმგებლობას რუსულ ქვედანაყოფებთან კონტაქტების ან ინციდენტების მართვაზე, ასევე დამკვირვებელთათვის საჭირო იმუნიტეტისა და პრივილეგიების მინიჭებაზე.
ბაქომ, წინაგან განსხვავებით, ეს მისია არ დაამტკიცა. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ეს ინიციატივა და განაცხადა, რომ ევროპელებმა ისინი მოატყუეს.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ ნაბიჯით არ უწყობს ხელს უსაფრთხოებას, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს სომხეთთან მოლაპარაკებებს, რომელიც ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ინიციატივით დაიწყო.
რამდენიმე თვის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ევროკავშირის მისიის ჩასვლამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო უსაფრთხოებას, არამედ რეალურად დააფიქსირა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საზღვარი.