უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა მოადგილე პაველ ხალიმონი, რომელმაც, ომის მიმდინარეობისას, კიევში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.
კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩავსვამთ ციხეში - არახამია
„თუ სახალხო დეპუტატი ხარ და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს, შენს ქვეყანას უნდა დაეხმარო. ეს შენი მოვალეობაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ქცევა ჩვენს ღირებულებებსა და ხედვას, იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახალხო დეპუტატმა ომის დროს, ეთიკურად ეწინააღმდეგება. ამიტომაც, ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ ხალიმონი თანამდებობიდან გათავისუფლდება", - დაწერა არახამიამ და სამართალდამცველებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილი ლოზინსკი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლოზინსკი გენერატორების შეძენის საქმეზე 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. მედია ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით წერს, რომ ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის.
გამოძიების თანახმად, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ნაწილმა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილის მითვისებისთვის შეიმუშავა სქემა. კერძოდ, ისინი ფარულად გაურიგდნენ მეწარმეებს და 280 მილიონი გრივნას ოდენობის კონტრაქტი გააფორმეს. სანაცვლოდ კი დიდი ოდენობის თანხა მიიღეს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი.