ელჩი პეტერ ფიშერი: თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეს არის ის, რასაც საქართველოში ვაკვირდებით

კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს.

„12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მოლოდინი გვაქვს. 2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია. ეს არის უზარმაზარი ისტორიული შესაძლებლობა. გერმანიისთვის უდიდესი წარმატებაა, რომ ევროკავშირის ნაწილია. ეს ჩვენი სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია.

ევროკავშირის ყველა შემდგომი გაფართოება სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანია ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. საქართველოს სურს, შემოგვიერთდეს, შესაძლებლობები კი, ახლა თქვენს ხელშია. ქვეყანას, რომელსაც გაწევრიანება სურს, ევროკავშირის მიზნებსა და ფასეულობებს უნდა იზიარებდეს. 12 რეკომენდაციის მთავარი სულისკვეთებაა, აჩვენოთ, რომ ამ მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებთ.

ფუნდამენტურია და მთავარი მიზანია, რომ იყოთ მდგრადი, პლურალისტური დემოკრატია, რომელიც არის ძლიერი. პლურალისტური კი, ნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, თითოეული ინდივიდი სარგებლობს უფლებით და შეუძლია ამ უფლების გამოხატვა, მონაწილეობს დემოკრატიის ფუნქციონირებაში და შეუძლია, დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იყოს..

ამრიგად, 12 პრიორიტეტის შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს და ამიტომაც გსურთ წევრობა. ჩვენ გვსურს ამის დანახვა, რადგან ჩვენ ვართ მიზნებისა და ღირებულებების კლუბი და გვსურს, თანამოაზრეების კლუბი ვიყოთ.

კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს.

თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ამას ბევრ ქვეყანაში ვაკვირდებით, სადაც ხალხი ვერაფერზე, ფაქტებზეც კი ვერ თანხმდება, ყველაფერი სადავოა... ეს არ არის ჯანსაღი გარემო დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ და სწორედ ამას ვაკვირდებით“, - განაცხადა ელჩმა.