„ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველ პარტიას უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს - მედია

ბრედლის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია უკრაინაში აშშ-დან შედარებით უახლოეს მომავალში ჩავა. ამის შესახებ მედია პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით წერს.

„სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტის გამოცხადებისას ჩვენ ფოკუსირებულნი ვიყავით უკრაინელებისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელიც მათ შეუძლიათ, დაუყოვნებლივ გამოიყენონ ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმასთან“.

მისივე თქმით, რუსეთის შეტევითი ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის დაცვას აგრძელებენ.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიევისთვის შეერთებული შტატების ჯამური სამხედრო დახმარება 26,7 მილიარდ დოლარს აღემატება.