სოჭის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ კრემლის კონტროლირებად მედიას, სს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ [მგზავრების გადაყვანა] აფხაზეთსა და საქართველოში შესაძლებელი გახდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, განზრახულია ამ გაზაფხულ სატვირთო გადაზიდვების დაწყება“, - განაცხადა ვლადიმეროვმა და აღნიშნა, რომ სოჭიდან საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება.
„ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნაზე. ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და ამ მიმართულებით შეძლებისდაგვარად განვვითარდეთ“, - დასძინა ვლადიმიროვმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება.
ასევე ცნობილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის რემონტთან დაკავშირებით, რუსეთთან ავიამიმოსვლის დასაწყებად მოლაპარაკებებს აწარმოებს.