საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭის პორტთან მოლაპარაკებას უარყოფს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სოჭის პორტთან მოლაპარაკებას უარყოფს. 

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს. ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში, რომელიც Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

უფრო ადრე, კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო Tass-ს, სს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა, რომ სოჭის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.