„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის განცხადებას სამარცხვინო უწოდ.
„იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ „ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა.
ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კასიანოვის განცხადება არ არის მეგობრული და პარტნიორული და არ შეეფერება დიპლომატის რიტორიკას.
„როგორც ჩანს, ეს არის ბატონი დოლგოვის ან ვიღაცების მიერ გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ თქვა და უსურვო მეგობარ სახელმწიფოს - ომში ჩართვა და ა.შ. ჩემთვის სხვაგვარად ახსნადი არ არის ამგვარი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და მითითება ისეთ გარემოებებზე, რაც აბსოლუტურად იდენტური შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოებში, სადაც ფრენებიც არსებობს, მიმდინარეობს რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა, მაგრამ ამის მიუხედავად არც ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს შეიძლება არ უჩნდებოდეს უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული ისეთი აღქმა მათ მოქალაქეებთან მიმართებით. არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეგობრული და პარტნიორული განცხადება და განცხადება რომელიც შეეფერება დიპლომატის რიტორიკას", - განაცხადა სარჯველაძემ მედიასთან.
რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკო მიქაიას თქმით, „ქართული ოცნება“ დეკლარირებულად დაადგა რუსეთის გზას. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინასთან ყველა ურთიერთობა შეწყდეს და შესაძლო ევაკუაცია ამისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯი იქნება.
შეგახსენებთ, უკრაინის საელჩო საქართველოდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს, თუ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება და რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლისას უკრაინელებს საფრთხე დაემუქრებათ.
უფრო ადრე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.