თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება, მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძალიან კარგი პროექტი მზადდება, რომელითაც დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება.
„მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია და ამის მიზეზიც გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ის არის თბილისის ცენტრალური ნაწილი და არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია.
რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება დედაქალაქში და ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა, მეტიც ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის და მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით, ჩვენ მოვახდენთ არსებული სივრცის მოწესრიგებას. ერთად განვსაზღვროთ, როგორი ფორმით განვახორციელოთ აღდგენით სამუშაოები რეაბილიტაცია, როგორ უნდა იყოს გაკეთებული. ჩვენ მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და საზოგადოებასთან ერთად, მათი ჩართულობით მოვახდინოთ არსებული სივრცის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება მერიის გეგმებს ამ ობიექტზე, მინდა, დანარჩენ ტერიტორიაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, იცით, რომ არსებულ ტერიტორიაზე დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც მართალია არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ქმნის თბილისის ერთგვარ სახეს და შესაბამისად, გეგმარებისას გაითვალისწინეს არსებული გარემოება და ეს ფაქტორი. შენობა არამარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას და განხორციელდა კონკრეტული პროექტის სახით. იყო ბევრი მითქმა-მოთქმა, რომ ეს შენობა უნდა დაინგრეს, ხაზს ვუსვამ, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შენარჩუნებული იყოს არსებული შენობა-ნაგებობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.