ნედ პრაისის თქმით, უკრაინაში კორუფციის შემთხვევების შესახებ ცნობები აშშ-ის დახმარებას არ უკავშირდება

ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალები, რამაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მთავრობაში ყველაზე დიდი ცვლილება გამოიწვია, „შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ჩანს, არ ეხებოდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

„ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ შეერთებული შტატები რაიმე დახმარება იყო ჩართული იმაში, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბოლო საათებში“, - განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე.

უკრაინის დახმარებაზე შემდგომი ზედამხედველობის შესახებ მოწოდებები აშშ-ის კონგრესში ისმოდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. პრაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ყოველთვის მკაცრ ზედამხედველობას უზრუნველყოფს და ანგარიშვალდებულებას იჩენს“. მისივე თქმით, შტატები გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მისი დახმარება ზედამხედველობას დაექვემდებაროს.

„ამჟამად, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, რომ აშშ-ის დახმარებაც მოიაზრებოდა იმ ბრალდებებში, რომელთა შესახებაც მოვისმინეთ ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან. მაგრამ ეს მუდმივი ძალისხმევაა. აქ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი მხარდაჭერა, უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვუწევთ უკრაინას - უსაფრთხოების დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება, ეკონომიკური დახმარება დასახულ მიზნებს ემსახურება“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, მინისტრის რამდენიმე მოადგილე და რამდენიმე გუბერნატორი 24 იანვარს, არაერთი სკანდალის, მათ შორის კორუფციული სკანდალების შემდეგ გადააყენეს.