Bloomberg: სანქცირებული რუსი ოლიგარქის „ნორნიკელი“ წარმოებას ამცირებს

რუსეთის სამთო-მეტალურგიული გიგანტი „ნორნიკელი“, რომელიც მსოფლიოში ნიკელისა და პალადიუმის ბაზრის 10%-ს აკონტროლებს, წარმოებას ამცირებს. ამის შესახებ Bloomberg წერს. 

„მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა Norilsk Nickel-ის მთავარ აქციონერს ვლადიმერ პოტანინს სანქციები დაუწესეს, ეს თავად კომპანიასა და რუსეთის ლითონის ექსპორტზე არ ვრცელდება. თუმცა, უკრაინის ომმა გამოიწვია ლოგისტიკის, დაზღვევისა და მიწოდების შეფერხება.

Nornickel-ის წარმოების შემცირება აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთის ლითონის წარმოებისთვის დასავლური ფირმების მიერ აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების მიწოდების შეწყვეტა.

Norilsk Nickel-ი ნიკელის გლობალური ბაზრის დაახლოებით 10%-ს აკონტროლებს“, - წერს გამოცემა.

დეკემბერში Bloomberg-მა განაცხადა, რომ Norilsk Nickel-ი ნიკელის მოპოვების შემცირებას განიხილავდა, რადგან ზოგიერთი ევროპელი მყიდველი რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობას თავს არიდებს. 

წელს Norilsk Nickel-ი ნიკელის წარმოების შემცირებას 204 000 ტონიდან 214 000 ტონამდე ელოდება. კობალტის წარმოებამ შესაძლოა, 1000 ტონას მიაღწიოს. ბოლო წლებში წარმოება 2 500 ტონას შეადგენდა. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ოლიგარქმა, ვლადიმერ პოტანინმა განაცხადა, რომ Norilsk Nickel-მა სანქციების ფონზე სხვა ბაზრებზე შესვლის გეგმებზე უარი თქვა. 

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ უმდიდრეს ოლიგარქ ვლადიმერ პოტანინს სანქციები დაუწესა და მისი აქტივები - „ინტერროს ჰოლდინგი“, „როსბანკი“ და იახტა - ასევე სანქციების ქვეშ მოექცა.