უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა.
Ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ქალაქ კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების მიწოდების გამო, ასევე საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელება 2023 წელსაც იგეგმება.
ასევე მადლიერება გამოხატა უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინა რუსული აგრესიის გამო.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან და თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.
„ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა მინისტრის მოადგილე დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთში ფრენების აღდგენას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პერებიინისმა ასევე დააყენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა, განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში, ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და ასევე დადებითად აღნიშნეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისი დიალოგის გააქტიურება.
„უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალქეების ყოფნასთან დაკავშირებით. უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანირ საფრთხეს ვერ ხედავს“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, ანდრი კასიანოვი საგარეო უწყებაში დაიბარეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციაზე ესაუბრა და განმარტებები მოისმინა.
„მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას... როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.