უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
მისი განმარტებით, დიპლომატიურ უწყებაში, მიწვევის საფუძველზე მიდის, განხილვის მთავარი თემა კი, საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები იქნება.
„ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან“, - განაცხადა კასიანოვმა მედიასთან.
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ასევე უპასუხა უკრაინელების შესაძლო ევაკუაციასთან დაკავშირებით შეკითხვას.
- რა შემთხვევაში არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას ანდრი კასიანოვი
- უკრაინელების შესაძლო ევაკუაციაზე კასიანოვის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოეხმაურნენ
„ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, გთხოვთ, წაიკითხოთ ყველა ჩემი განცხადება სრულად და გთხოვთ, წაიკითხეთ ამ განცხადებების ორიგინალი ვერსია. ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ.
ამ მიზეზით მე გირჩევთ, რომ აიღოთ ჩემი ინტერვიუს ორიგინალი და გთხოვთ, ის სრულად წაიკითხოთ და მიიღებთ ყველა პასუხს პირველ შემთხვევაში, როდესაც ჩემი სტატია გამოქვეყნდა „ევროპეისკაია პრავდაში“ 9 იანვარს და ასევე, მიიღებთ ყველა პასუხს, მეორე შემთხვევაშიც. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ ჩემი პირველი სტატიების 90% მიეძღვნა იმას თუ რას ვაკეთებთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კასიანოვმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ კასიანოვი უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
„დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხევდრაზე მასთან განხილული არ იქნება“, - აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.