უკრაინის სამხრეთით, ქალაქ ხერსონის პორტში რუსული რაკეტა მოხვდა თურქეთის საკუთრებაში არსებულ გენერალურ სატვირთო გემს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟის წევრები გემზე არ იმყოფებოდნენ. მსხვერპლი არ არის. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გემი „ტუზლა“ ხერსონის პორტში 2022 წლის თებერვლიდან არის ჩარჩენილი. გემი კომპანია Cayeli Shipping-ი დაქვემდებარებაშია. ეს კომპანია კომენტარისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პორტებში, მათ შორის ხერსონში ჩარჩენილია 12 თურქული გემი, რომლებზეც ხორბლის და სხვა პროდუქტების ექსპორტის შესახებ, გაეროს და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არ ვრცელდება. ხსენებული შეთანხმებით, გემებს, რომლებსაც უკრაინიდან პროდუქცია გააქვთ, სტამბულში მოქმედი სპეციალური ცენტრი უწევს კოორდინაციას.