უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მათ შორის MGM-140 არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები (ATACMS), რათა „რუსული ტერორი“ შეაჩეროს.
რუსული ტერორის მაგალითად ზელენსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაზე რუსული სარაკეტო თავდასხმა მოიყვანა, რომლის დროსაც 28 იანვარს სამი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ უნდა არსებობდეს ტაბუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.
HIMARS-ის ტიპის რაკეტებს, რომლებსაც ამჟამად უკრაინა იყენებს, 80 კილომეტრის მოქმედების მანძილი აქვს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბევრ ზონამდე ვერ მიაღწევს.
ამ დრომდე აშშ უარს ამბობდა ATACMS-ის რაკეტების მიწოდებაზე, რომელთა მოქმედების მანძილი 300 კილომეტრია.