თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითო, რომელსაც ძალიან მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს.
„დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგადად ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რა დამოკიდებულება იყო და დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.
ხაბეიშვილი ვინ არის? არავინ არ არის საერთოდ. ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მას მოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. თქვენ ნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ისინი ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება თავისი ფარული ჩანაწერებით, ერთმანეთის მიმართ თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ეს მათი საქმეა, არ მინდა, ჩავერიო მათ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ეს ცხადია და გამოკვეთილია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლავთ კეზერაშვილ-მერაბიშვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.