ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი თებერვლის ნაცვლად აპრილის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ თანათავმჯდომარეების განცხადებაში წერია. მიზეზში დროისა და დაგეგმვასთან დაკავშირებული პრობლემაა მითითებული.
ამასთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, თანათავმჯდომარეები ყველა მხარესთან კონსულტაციებისა და ჩართულობისთვის მზადყოფნას გამოხატავენ.
მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გადაწყვიტეს, არ მიიღონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის თაობაზე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
„ბოლო დროს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანათავმჯდომარეები ყოველგვარი ობიექტური მიზეზების და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა.
მსგავს სურათს ვხედავთ მიმდინარე წლის დასაწყისშიც, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივად წყვეტენ შემდეგი რაუნდის გადადების საკითხს.
ჩვენი ამოსავალია ის, რომ თანათავმჯდომარეების ასეთი ქმედებები ანგაჟირებული ხასიათის მატარებელია, აფერხებს მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მუშაობას და ქმნის რეგიონში სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეებს.
2023 წლის თებერვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების გათვალისწინებით, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა, უარი ეთქვა აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ჩასატარებლად“, - ნათქვამია არძინბას განცხადებაში რადიო თავისუფლების ცნობით.
ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი ატარება 2023 წლის 21-22 თებერვალს იგეგმებოდა.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი, გაერო, ეუთო და შეერთებული შტატები ცდილობენ, დიალოგის ეს ფორმატი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მძევლად აქციონ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.
მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).