რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კოლონიალურ ომს აწარმოებს - ავსტრიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

რუსი სამხედროები ვერ მოქმედებენ ისე ეფექტიანად, როგორც პრეზიდენტი პუტინი ელოდა.ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა უკრაინაში ვიზიტისას ავსტრიელ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
„უკრაინას ემუქრება აგრესიული ომი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ის შეიძლება, შევადაროთ მე-19 საუკუნის კოლონიალურ ომებს", - ციტირებს ავსტრიის პრეზიდენტის განცხადებას Die Presse.
 
სააგენტო APA-ს ასევე მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები, რომ რუსეთმა უკრაინელებს არჩევანის საშუალება მისცა: „ან მიიღებთ რუსეთის პროვინციას, რომელიც იმართება მოსკოვისგან, ან ყველაფერი განადგურდება. თუმცა, როგორც ვან დერ ბელენმა განაცხადა, უკრაინელებმა აჩვენეს, რამდენად დიდია წინააღმდეგობის გაწევის სურვილი.
 
მისი თქმით, ავსტრიას თავისი ვიზიტით სურს აჩვენოს, რომ უკრაინის გვერდით დგას და მას მარტო არ დატოვებს.
 
„ჩვენ გვინდა, შემდეგი სიგნალი გავგზავნოთ: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. ჩვენ მარტო არ დაგტოვებთ“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.
 
ომის მიმდინარეობის კომენტირებისას ვან დერ ბელენმა ასევე აღნიშნა, რომ „მომავალი თვეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“ და რუსეთის არმია სავარაუდოდ, ახალ შეტევას განახორციელებს. ამავე დროს, ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რუსი სამხედროები ვერ მოქმედებენ ისე ეფექტიანად, როგორც პრეზიდენტი პუტინი ელოდა.
მისივე თქმით, უკრაინელების წინააღმდეგობა კრემლმა ვერ შეაფასა.
 
ავსტრიის პრეზიდენტის თქმით, ვინაიდან ავსტრიის სამხედრო ნეიტრალიტეტი არ აძლევს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების საშუალებას, ქვეყანა უკრაინას დახმარებას უწევს ჰუმანიტარულ და სამედიცინო სფეროებში.
 
ვან დერ ბელენმა ასევე მიუთითა უკრაინელებისადმი ავსტრიული საზოგადოების დიდ მხარდაჭერაზე, რომლებმაც, მაგალითად, შემოწირულობების მეშვეობით, კამპანიის Neighbor in Need ფარგლებში უკრაინისთვის 56 მილიონი ევრო შეაგროვეს.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ავსტრიამ უკრაინას 118 მილიონი ევროს გამოუყო დახმარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„როდესაც ფიცი დავდე, მკაფიოდ განვაცხადე, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში გავაგრძელებ დემოკრატიის დაცვას და ჩვენი ევროპული ფასეულობების შენარჩუნებას. უკრაინაში ეს ევროპული ღირებულებები და დემოკრატია ახლა პირდაპირი გაგებით თავდასხმის ქვეშაა. სოლიდარობისა და მუდმივი მხარდაჭერის ნიშნად, ჩემი პირველი საგარეო ვიზიტით ჩავედი კიევში“, - თქვა ვან დერ ბელენმა.