საფრანგეთი უკრაინის საიმედო და ძლიერი მოკავშირეა - სებასტიან ლეკორნუ

„უკრაინის მხარდაჭერის ფონდი საშუალებას იძლევა, უკრაინის დასახმარებლად უზრუნველყოს „კეისრის“ ტიპის 12 დამატებითი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, საფრანგეთი უკრაინის საიმედო და ძლიერი მოკავშირეა: ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცეს და ძალას“, - ეს განცხადება საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილების შესაბამისად, პარიზი უკრაინის მიერ განსაზღვრულ საგანგებო სიტუაციებში კიევის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ზაფხულისთვის საფრანგეთში 2 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის გადამზადებას. ასევე ვაპირებთ ნაწილის სწავლებას პოლონეთში: თვის ბოლომდე იქ 150 ფრანგი ჯარისკაცი გაიგზავნება, რომლებიც თვეში 600 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნიან“, - განაცხადა მინისტრმა.