უკრაინაში კრემლის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაც უნდა დატოვოს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში გააკეთა.
„რუსეთმა უნდა ისწავლოს სად არის მისი საზღვრები. საქართველოს პრობლემები მაგიდაზე უნდა იყოს, რადგან არავინ იფიქროს, თითქოს ეს ომი რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების გარეშე შესაძლოა გადაწყდეს”, - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად ევროინტეგრაციის კონტექსტში ევროკავშირის ზოგიერთი მოთხოვნის შეუსრულებლობისა, დადგა დრო „სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ევროპამ უნდა მიიღოს“, რადგან „თბილისი თავს უფლება ვერ მისცემს მორიგი წარუმატებლობა განიცადოს ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, რადგან ამას შეუძლია რუსეთი წაახალისოს“.
ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა, საქართველო მისი ამბიციებისთვის „რუხ ზონად“ წარმოიდგინოს.
მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი. „ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, ვიცი, რომ არის რაღაცები, რაც არ გაგვიკეთებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, წინ უნდა ვიაროთ", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.