რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან სტელეფონო საუბრის ჩანაწერზე, რომელიც დღეს მედიაში გავრცელდა, განმარტება გააკეთა.
მან „რუსთავი2“-თან კარასინთან სატელეფონო საუბრი დაადასტურა.
„ეს საუბრები გვქონდა ივნისის თვეში, 21-სა თუ 22 რიცხვში. მაშინ ძალიან რთული ვითარება იყო საზღვარზე. ორივე მხარეს იყო ათასობით მანქანა გაჩერებული იმის გამო, რომ ვერ ხდებოდა მათი ნორმალურად გატარება.
ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით ჩართული, ჩვენი მეზობელი სომხეთი იყო შეწუხებული, მათი წარმომადგენელი იყო ჩამოსული, მათთან ერთად იყო საუბარი თუ რა უნდა გაკეთდეს, ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მაშინ სიტუაციის განმუხტვა.
საზღვარია ორი მხარე - ჩვენი და იმათი, ასე რომ ვიღაცამ ამაზე უნდა ისაუბროს, ამისთვის არსებობს პრაღის ფორმატის საკომუნიკაციო არხი",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მედიაში დღეს გავრცელდა, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შესაძლო მშენებლობაზეა საუბარი.