ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო დანიშნა.
ბლინკენის თქმით, ბონო იმუშავებს რეგიონის ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის საკითხზე.
„ბონოს მდიდარი მრავალმხრივი და ორმხრივი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს ოფისებში ვენაში, ასევე, საქმეების დროებით რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად წმიდა საყდარში.
ლუის ბონო მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ და სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ეკონომიკურ და ბიზნესსაკითხებში. იყო ინსტრუქტორი ვესტ პოინტსა და არმიის კოლეჯში.
მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ეხება“, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
ფილიპ რიკერმა თანამდებობა 5 იანვარს დატოვა.