უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით“ მწვავე პროტესტი გამოთქვა.
„სსრკ-ს NKVD-ის ყველაზე უარესი ტრადიციების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სააკაშვილზე, უარს ეუბნებიან მას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე და მიზანმიმართულად უქმნიან მის სიცოცხლეს საფრთხეს. უკრაინის მოქალაქესთან მიმართებით ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვაზე“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით, კიევმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბულინგი“ სააკაშვილთან მიმართებით და გადასცეს ის უკრაინას.
„არ ეთამაშოთ ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სიცოცხლე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო საფრთხე ემუქრება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში ფარულად 2021 წლის 29 სექტემბერს ჩამოვიდა. სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.