ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი

ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი.

ზელენსკის განცხადებით, მას კიევში პრესკონფერენციამდე მიხეილ სააკაშვილის ახლანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს.

„ოდესღაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. მისი ფოტო დავით არახამიამ გადმომცა. მე მინდა შეხედოთ თუ როგორ გამოიყურება ის. მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება მას კლავს. თქვენ იცით, რომ ის მოწამლეს და ახლა, მაპატიეთ, მაგრამ თანდათან კლავენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან ზელენსკიმ დასვა კითხვა: „საქართველო და მისი ხელისუფლება ვისკენ არიან დღეს? ისინი ნეიტრალურნი არიან თუ იკავებენ რუსეთის მხარეს? იმიტომ რომ რუსეთი თავის პოლიტიკოსებს ისე ექცევა, როგორც დღეს ექცევა საქართველოს ხელისუფლება უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ - არიან კი ისინი ნეიტრალურები? თუ არიან რუსეთის მხარეს? ან უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ და ასე შემდეგ?- თქვა ზელენსკიმ.

ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამ თუ იმ სახელმწიფოს ნეიტრალურ პოზიციას, თუმცა ახლა გაუგებარია სააკაშვილთან მიმართებით საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება.

„მინდა პრესამ იცოდეს თუ რა ხდება. მიმდინარეობს უკრაინის მოქალაქის საჯაროდ წამება. მე არ განვხილავ საკითხს - რატომ დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგებს მოუტანს ეს საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიას, ეს მათი შიდა საკითხია. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, მათი მიზანია მისი მოკვლა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.