უკრაინის არმიას ასობით ათასი დრონი სჭირდება - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის ძალებს ასობით ათასი უპილოტო საფრენი აპარატი სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ არხზე დაყრდნობით.

თავდაცვის მინისტრი უპილოტო საფრენი აპარატების ასზე მეტ უკრაინელ დეველოპერს და მწარმოებელს შეხვდა.

რეზნიკოვის მოწვევით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა პავლო რიაბიკინმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა.

რეზნიკოვმა უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზრის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ამჟამად, უკრაინის თავდაცვის ძალების მოთხოვნილებები იზომება სხვადასხვა მოდიფიკაციის ასობით ათასი უპილოტო საფრენი აპარატით. ამ საჭიროებების დაკმაყფილებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

კერძოდ, სრულმასშტაბიანი ომის პირველ რვა თვეში უფრო მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ექსპლუატაციაში, ვიდრე ბოლო ხუთ წელიწადში.

ვიმეორებ, სამხედრო მრეწველობის დამოუკიდებლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ერთ-ერთი ფაქტორია. ამჟამად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სფეროა უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზრის განვითარება და მხარდაჭერა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.