უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პარტნიორები უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდიან. ამის შესახებ მან კვირას, 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს იარაღის მიღების კუთხით, ყველაფერი მივიღეთ, მხოლოდ თვითმფრინავებია დარჩენილი. შემიძლია ცოტა ოპტიმიზმი გამოვთქვა - იქნება თვითმფრინავებიც, უბრალოდ, საკითხავია რომელი", - განაცხადა რეზნიკოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები მუდმივად ისმენენ თვითმფრინავების საჭიროების შესახებ მოწოდებას, რადგან ეს ასევე საჰაერო თავდაცვის ნაწილია.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, მიიღოს როგორც F-16-ები, ასევე სხვა თვითმფრინავები.
რეზნიკოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა საბრძოლო თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაზე, თავის მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.