აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს - ღარიბაშვილი

აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. მე ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება.

ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. კერძოდ, რას ვგულისხმობ: მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს.

თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.