პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის წესები იცვლება. ახალი წესები პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკუთარი ბრძანებას გამოსცემს.
ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია.
შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია მედიის იმ წარმომადგენლებს ექნაბთ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ.
„აკრედიტაციის წესი სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების ანალიზის საფუძველზე დაიწერა.
აკრედიტაციის წესი ორ ძირითად პრინციპს დაეფუძნება. პირველი ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას იმაში, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია გაშუქდეს, გაშუქდეს საპარლამენტო საქმიანობა. მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო.
იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მედიის იმ წარმომადგენლებს მიეცემათ, ვინც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებს. მათ ამ აკრედიტაციის პარლამენტში შემოსვლა დაუბრკოლებლად შეეძლებათ.
იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსამზადებელი იყოს ცალკეული სიუჟეტი ან იყოს ისეთი მედია, რომელიც აკრედიტებული არ იქნება (მაგალითად, უცხოური მედია), მათ სპეციალური აკრედიტაცია ექნებათ, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სპეციალურად სიუჟეტის, მასალის მოსამზადებლად იმოქმედებს.
დადგენილია რაოდენობები: - დიდ მედიებს, მაუწყებლებს, რომელთაც ეროვნული მაუწყებლობა აქვთ, შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტირების შესაძლებლობა ექნებათ. სხვა ტელევიზიებს - სამი გადამღები ჯგუფის. ჯგუფში შედის, როგორც ჟურნალისტი, ასევე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის - ორი ჟურნალისტი, რადიო - ორი, ონლაინ გამოცემა - ოთხი.
რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, ეს არის: - ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.