შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში 7 517 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 430, ხოლო დაშავდა 5 469 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.
„2021 წლის განმავლობაში 7 705 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით), დაიღუპა 449, ხოლო დაშავდა 5863 ადამიანი. დედაქალაქში მოხდა 3 219 შემთხვევა, დაშავდა 2 674 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 56 პირი. 2022 წელს თბილისში, წინა წელთა შედარებით საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია 6%-ით, ხოლო დაღუპვა გაზრდილია 8 %-ით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი განმარტავს, საქართველოში 2022 წლის განმავლობაში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 6%-ით, დაზიანებები 2 %-ით, ხოლო ლეტალობა 4 %-ით.
„ამ პოზიტიური დინამიკის ფონზე, დედაქალაქში ლეტალობა 8%-ით გაზრდილია. აღნიშნული ტენდენცია მიგვანიშნებს, რომ მეტი ფოკუსირება და ძალისხმევა არის საჭირო საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად.
დღეს არსებული სიჩქარის ლიმიტები დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია სიჩქარის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება და არსებული ლიმიტების გადახედვა. განსაკუთრებით კი გზის იმ მონაკვეთში, სადაც შერეული მოძრაობაა, მჭიდროდ დასახლებული პუნქტია, სკოლის ზონებია. მაღალი სიჩქარე ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია საგზაო შემთხვევების ლეტალური შედეგის და მძიმე დაზიანების.
საერთაშორისო გამოცდილება „უსაფრთხო სისტემის“ (Safe System) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. მიმდინარე სტატისტიკა კი გვაუწყებს, რომ საგზაო შემთხვევების შემცირების ფონზე დედაქალაქში სიკვდილობა მკვეთრად იზრდება“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.