საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. განცხადების თანახმად, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია.
„მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“, - წერია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 7 თებერვალს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამას საზოგადოებისგან „უმძიმესი რეაქცია ექნება“.