ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იურიდიული და ლობისტური კონტრაქტის ღირებულება $917,000-ია. 3 თებერვალს გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ამერიკულმა იურიდიულმა კომპანია Akerman-მა მოამზადა, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან 917 ათასი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს.
კონტრაქტის ძირითადი მიზანი იურიდიული დახმარება და ლობისტური აქტივობების ჩატარებაა. დოკუმენტს ხელს Akerman-ის პარტნიორი, მასიმო დ'ანჯელო აწერს. ის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური იურისტიცაა.
ასევე კონტრაქტის მიზანია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ აშშ-ის პოლიტიკურ სივრცეში სტრატეგიული საკომუნიკაციო კამპანიის უზრუნველყოფა და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაში დახმარება.
Akerman LLP-ის პარტნიორის, მასიმო დ'ანჯელოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, კონტრაქტის ფარგლებში ასევე დაიქირავეს წამყვანი სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს.
ამავე დოკუმენტში მითითებულია შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, მათ შორის ჩატარებული სხვადასხვა სახის კომუნიკაცია (ელექტრონული ფოსტა და მიმოწერა) აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინის ოფისის წარმომადგენლებთან, ასევე თბილისში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ასისტენტის თანაშემწესთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.
ამერიკის შეერთებულ შტატებშის კანონმდებლობის თანახმად, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს, საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულებისა და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.